პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მიდგომაა, რომ რადგან მე მოლაპარაკების მაგიდასთან ვზივარ, დანარჩენი ყველაფერი შენ უნდა დათმო

გუშინ, როდესაც ოპოზიცია შეფასებებს აკეთებდა, აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა იყო და მეტი მათ საკომპრომისო არაფერი ჰქონდათ. ესაა მათი პოზიცია, რომ რადგან მე მოლაპარაკების მაგიდასთან ვზივარ, დანარჩენი ყველაფერი შენ უნდა დათმო. მათ ასე წარმოუდგენიათ კომპრომისი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ცივი გონებით გავაანალიზოთ ეს პროცესი. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ეს მოლაპარაკებები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან ლოგიკურად ეს რყევითი პროცესი რაღაც დასასრულამდე უნდა მივიდეს. გუშინ, როდესაც ოპოზიცია შეფასებებს აკეთებდა, აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა იყო და მეტი მათ საკომპრომისო არაფერი ჰქონდათ. ესაა მათი პოზიცია, რომ რადგან მე მოლაპარაკების მაგიდასთან ვზივარ, დანარჩენი ყველაფერი შენ უნდა დათმო. მათ ასე წარმოუდგენიათ კომპრომისი. მათი პოზიცია ნათელი იყო 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შემდეგაც – ისინი ყოველთვის მოძებნიან საბაბს, რომ მოლაპარაკების მაგიდა ააყირაონ. რაც შეეხება უშუალოდ თემებს, ​მედიატორებმა ყველა დონეზე დააფიქსირეს, რომ არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არავისთვის დგას. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ შარლ მიშელს არცერთი სიტყვა არ დაუძრავს ვინმეს ციხიდან გამოშვებაზე. მისი მთავარი გზავნილი იყო: აიღეთ ის თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით გაკეთებული გვაქვს შეთავაზებები და კონკრეტული კანონპროექტებიც გვაქვს დარეგისტრირებული. არ უნდა გამოსულიყო გარეთ ინფორმაცია, თუ რაზე მიდიოდა საუბარი დახურულ მოლაპარაკებებზე. თუმცა ოპოზიციის მხრიდან ამ ინფორმაციამ რამდენჯერმე გაჟონა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების შინაარსი უნდა გახდეს ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.