მთავარირეგიონი

პანკისის ხეობის სოფლები სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით პანკისის ხეობის სოფლები სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია. მინისტრმა დაათვალიერა სპორტული ინფრასტრუქტურა, სპორტულ კლუბებსა და საჯარო სკოლებს გადასცა სპორტული ინვენტარი. მინისტრი შეხვდა სპორტსმენებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ახმეტაში, მატანში, საკობიანშო, დიუსში, ქვემო ხალაწანში, დუმასტურში, ომალოსა და ჯოყოლოში, სადაც ადგილობრივმა სპორტულმა ჯგუფებმა საფეხბურთო ეკიპირება, კალათბურთის ფარები, მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი, ბილიარდის მაგიდა, ძიუდოს კიმონოები, საჭიდაო ჩოხები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი მიიღეს. გარდა ამ სოფლებისა, სპორტულ ინვენტარი მიიღეს პანკისის ხეობის სხვა სოფლებმაც, სადაც განახლდება და მოეწყობა ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები. საერთო ჯამში, სპორტული მოედანი ექნება ახმეტის ყველა სოფელს. სოფელ ომალოში თავდაცვის სამინისტროსგან შენობა გადაეცა მუნიციპალიტეტს, სადაც უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ძიუდოს დარბაზის მოწყობა. რემონტის შემდეგ დარბაზს თანამედროვე სპორტულ ინვენტარს გადასცემს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდს მინისტრმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მიულოცა 16-წლამდელთა შორის და მათ სრული საკალათბურთო ეკიპირება გადასცა. ამ ეტაპზე, პანკისის ხეობის სოფლებში მოქმედებს ძიუდოს, ჭიდაობის, კიკბოქსინგის ჯგუფები. მოზარდები ახლადმოწყობილ და სრულად აღჭურვილ დარბაზებში ვარჯიშობენ, ასევე, დამონტაჟებულია ქუჩის ღია სავარჯიშო მოწყობილობები.

მინისტრთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობის სოფლებს სტუმრობდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ახმტის მერი იოსებ ქარუმაშვილი. მინისტრმა ახმეტის საფეხბურთო ბაზა მოინახულა, სადაც 250-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში. ახმეტის საფეხბურთო ბაზასა და სოფელ საკობიანოს საფეხბურთო კლუბს სამინისტრომ და ფედერაციამ სრული ეკიპირება გადასცა. საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით სპორტი გამოცხადდა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გულისხმობს დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით უკვე დაიწყო საჯარო კონსულტაციები რეგიონებში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებასთნ დაკავშირებით. პირველი საჯარო შეხვედრები სწორედ კახეთის რეგიონში, თელავში მაისის თვიდან დაიწყო, შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.