არჩევნებიპოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება და ვიმარჯვებთ ჩვენ“.

პარტია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ყვარელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება და ჩვენ ვიმარჯვებთო.

„ქართველი ხალხი არასდროს მოიხდის ბოდიშს მტრის წინაშე და ამას ჩვენ 26 ოქტომბერს მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ. „ოცნება“ შერიგებაზე საუბრობს, არადა მთელი მათი მმართველობა დაპირისპირებაზეა აგებული, ვინ შეარიგეს? დააპირისპირეს ხალხი, გადაკიდეს ერთმანეთს, მტრის ხატის ძიება, მუდმივად გადაბრალება სხვაზე. მივმართავ ივანიშვილს – ეს არის შერიგება, რაც ახლა საქართველოშია? – ეს გახლეჩაა! შერიგება და ერთიანობა მოგვაქვს ჩვენ! დიახ, ეროვნული თანხმობა, საქმის კეთება, განვითარება, ეს სჭირდება დღეს საქართველოს, მოჰბეზრდა ქართველ ხალხს მუდმივი ლანძღვა, რომ თურმე ყველაფერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მიშა სააკაშვილის ბრალია. 12 წელია ხართ ხელისუფლებაში, ხალხო, თქვენ თავს დაუსვით კითხვა, რა მოიტანეთ საქართველოში, მოიტანეთ- მეტი გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია და მოიტანეთ რუსეთი, მეტი რა მოიტანა “ქართულმა ოცნებამ”? ჩვენ მოგვაქვს ევროპა, კეთილდღეობა, განვითარება, ერთიანობა, ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და რაც მთავარია, ძლიერი ქართული ოჯახი – ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის“, – განაცხადა ვაშაძემ.