სამართალი

გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი პრემიერს მიმართავს

ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახი პრემიერ-მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანის
მოთხოვნით მიმართავს და გავლენის ჯგუფებზე საუბრობს. რესტორანი „ურმულის” პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახი ქონების მიტაცებისა და გარდაცვლილი ბიზნესმენის საქმეზე, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვნით საქართველოს მთავრობის მეთაურს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართავს.
განცხადებას აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და
არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას
აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი,
რაც მილიონებს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით
ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის
ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები, მაგრამ დღემდე საქართველოს პროკურატურა არსენ
კუტალაძის მეუღლის – მარინე წამალაიძის არც დაზარალებულად ცნობას ახდენს და არც სისხლის
სამართლის საქმეზე რეალური წინსვლითაა დაინტერესებული.
„მოგმართავთ თხოვნით, პირად კონტროლზე აიყვანოთ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე
მიყვანის საქმე, გვიშუამდგომლოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამოძიების დაჩქარებისა და
კანონიერი საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შესახებ, ჩემი და ჩემი შვილების
დაზარალებულად ცნობაზე და წართმეული ქონებების დაბრუნების სასამართლო განხილვის პროცესში,
შესწავლილი იქნეს გავლენის ჯგუფების ფარგლები და მოცემულობა, მომჩივან და დაზარალებულ მხარეს მიეცეს
სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის რეალური გარანტიები“ – აღნიშნულია საქართველოს
პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე წერილში, რომელსაც ხელს არსენ კუტალაძის მეუღლე,
მარინე წამალაიძე აწერს.
„საქართველოში ბიზნესის წართმევის, რეკეტისა და დანაშაულებრივი გზით სხვისი ქონების მიტაცების ფაქტები
2012 წლამდე ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ადამიანების დაჭერაც და მკვლელობაც ჩვეულებრივ დღის წესრიგად ითვლებოდა. ჩვენ, საზოგადოებამ შევძელით და სისტემას, რომელაც ადამიანი ღირებულად არ მიაჩნდა, მმართველობის სადავეებიდან ჩამოვაცილეთ, დღეს კი, თვისობრივად სხვა რეალობა და წესრიგი გვაქვს, მაგრამ კვლავ პრობლემად და გამოწვევად რჩება მართლმსაჯულებაში შექმნილი ვითარება, გავლენის ჯგუფების ძალაუფლება და ადამიანის დარღვეული უფლების აღდგენისთვის კომპეტენტური ორგანოების ნაკლები ინტერესი“ – ნათქვამია წერილში.
მარინე წამალაიძე განმარტავს, რომ სწორედ პირადმა გამოდილებამ – სამართლიანობის აღგენის
შეუძლებლობამ, გამოუძიებელმა საქმემ და მზარდმა გავლენებმა სასამართლოში განსახილველ
საქმეებზე მიაღებინა გადაწყვეტილება წერილით საქმის კურსში ჩაეყენებია საქართველოს პრემიერ-
მინისტრი და მოეთხოვა დახმარება – სახელმწიფოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა ორგანოებმა
იმოქმედონ კანონის დაცვით, გამოძიებული იქნეს არსენ კუტალაძის თვითმკლელობამდე მიყვანის საქმე,
დაისაჯონ დამნაშავეები, დაბრუნდეს წართმეული ქონება, რომელიც სასამართლოს გამოყენებით და
ჩაწყობილი დავების ფონზე, დღეს იმ ჯგუფის ხელშია, ვისაც, ოჯახის აზრით, დანაშაულის ჩადენაც
ხელეწიფებოდა და სასამართლოსთან შესაბამისი დიალოგიც. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ რესტორან „ურმულის“
პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე კვლავ
გამოუძიებელია და არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მტკიცება, რომელიც პასუხს გასცემდა 5 წლის წინ,
2019 წლის 9 იანვარს მისი დაღუპვის არსებული ვერსიის დამაჯერებლობას – ჯერ კიდევ, არაერთი
გარემოების შესწავლის შედეგად, დასადგენია, არსენ კუტალაძის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერება
ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა თუ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ მკვლელობას და არა – უბედურ
შემთხვევას.
ცნობისთვის: არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2011 წლის 13
აპრილიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „ამდ“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის
სახელზეც რეგისტრირებულია რესტორანი „ურმული“. 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული
შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იყო
მძიმე ტექნიკის გაქირავებით ცნობილი კომპანია. იმავდროულად, არსენ კუტალაძე არარეგისტრირებულ
წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ % კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს
დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში.
დასახელებულ კომპანიებში არსენ კუტალაძის კუთვნილ წილზე საკუთრების უფლების აღიარების
მოთხოვნით, ამჟამად, თბილისის სასამართლოში მიმდინარეობს საქმისწარმოება, ისევე, როგორც
სასამართლოში დავა გრძელდება ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილ ფაქტზე – რესტორან
„ურმულის“ ძმისა და ბიზნეს-პარტნიორის – მერაბ კუტალაძის და საცხოვრებელი სახლის – ძმისშვილის
სახელზე მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებებით გადაფორმების ბათილად ცნობაზე.