არჩევნებიპოლიტიკა

„ცესკოს“ თავმჯდომარე ჟურნალისტებს შეხვდა

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში, ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები და ელექტრონული არჩევნების უპირატესობები – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში დავით ღონღაძემ გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს პირადად გააცნო ინფორმაცია საქართველოში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.

ორი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციისა და IFES-ის წარმომადგენლებისგან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, როგორიცაა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები, საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგია და ინფორმირების კამპანია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტები, მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში და ამომრჩეველთა განათლების საერთაშორისო მიდგომები. გაიმართა დისკუსიაც, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

მედიის წარმომადგენლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, კერძოდ ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობასაც გაეცნენ და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც.

მედიასთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა 18-20 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით, ცესკოს სწავლების ცენტრისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა მედიის 24-მა წარმომადგენელმა მიიღო.