სამართალი

ტაქსის მძღოლის ჩვენებით, მკვლელობაში ბრალდებული დეფაქტო აფხაზეთში მიდიოდა

სასამართლო პროცესის შემდეგ კესარია აბრამიძის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მედიას განუცხადა, რომ ტაქსის მძღოლის დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში აპირებდა გადასვლას. მანვე აღნიშნა, რომ ბრალდებული კესარია აბრამიძეს უკრძალავდა სხვებთან ნებისმიერი სახის კონტაქტს, მათ შორის, ვინმესთან ეთქვა მათი ურთიერთობის შესახებ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული იქნა პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებასა და მოპოვებულ მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე გამოკითხული ჰყავს ათეულობით მოწმე, ჩატარებული აქვს ათეულობით საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგად მიღებულია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, მათ შორის, ამოღებულიაა ვიდეო ჩანაწერები, ჩატარებულია ექსპერტიზები და ამოღებულია ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელშიც, შესაძლოა, ინახებოდეს საქმისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტორები.

გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებებით სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და უვადოდ თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მიერ ბრალდებულისა და მისი ფოტო-სურათების გავრცელება იყო ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე იმის სანაცვლოდ, რათა ბრალდებული შეხვედროდა კესარია აბრამიძეს და სისრულეში მოეყვანა ის განზრახვა, რაც მას განზრახული ჰქონდა მაშინ, როდესაც შეიძინა დანა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბრალდებულს წინასწარ განზრახული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. განზრახვას ადასტურებს თუნდაც ეს ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაზეც მიგანიშნეთ, განზრახვას ადასტურებს ასევე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც გამოკითხვის ოქმშია და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სურდა, სიცოცხლე მოესპო მისთვის“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

მოწმეთა ჩვენებით მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მკვლელობის შემდეგ, პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით, ბრალდებული დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და მძღოლის ეკითხებოდა, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება. „ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა“, – განაცხადა პროკურორმა.