პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: „საქართველოსა და ევროკავშირს შორის დისტანცია მნიშვნელოვნად გაიზარდა“  

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის გამოიყენოს უფლება თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების და რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დისტანცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა  ეს საკითხი განიხილეს და ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დადეს, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება. ევროკავშირმა პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით. იმ რეფორმების ნაცვლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მეტად დააახლოვებს, ბოლო პერიოდში პროცესები სხვაგვარად ვითარდება. ამან კი დისტანცია გაზარდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არ იქნება ძალადობა, იქნება თავისუფალი და სამართლიანი – ეს არის ჩვენი სურვილი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, – აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.