არჩევნებიპოლიტიკა

ცესკოს თანამშრომლების მიმართ მუქარა და ზეწოლა ხორციელდება

საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.
საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ერთერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზეწოლა განახორციელა და შეეცადა რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას მედიის თანდასწრებით.
აღნიშნული პროვოკაციული ინცინდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა.
გვინდა მოვუწოდოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მომხდარი პროვოკაციული ქმედებით და არ დატოვონ რეაგირების გარეშე აღნიშნული ინცინდენტი, ვინაიდან ამ ტიპის ქმედებები აზიანებს საარჩევნო გარემოს. როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არჩევნების მთლიანობას.