პოლიტიკა

2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და ბოლო წლების განმავლობაში სფეროში არსებულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა.
„2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1255 მგვტ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც წარმატებით მივაღწევთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება.
ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, დარგის 43 დამსახურებული თანამშრომელი დაჯილდოვდა.