სპორტი

საქართველომ პარალიმპიადაზე მერვე მედალი მოიპოვა – რევაზ ჩიკოიძე ვიცე-ჩემპიონია

პარიზის პარალიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია.
ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო.
პარაძიუდოისტმა ფინალი თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასისთან დათმო და საქართველოს მიმდინარე პარალიმპიადაზე მეოთხე ვერცხლის მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ქართველმა პარასპორტსმენმა ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასს სძლია, ნახევარფინალში კი ყაზახი ზურკამურზა შუკურბეკოვი დაამარცხა.
რევაზ ჩიკოიძემ პარალიმპიადაზე მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ასევე ვერცხლის მედალი მიიღო.
პარიზის პარალიმპიადაზე იასპარეზა პარაძიუდოიტმა ლაშა ყიზილაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა უზბეკ დავურკონ კარომატოვთან დათმო.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს 8 მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
პარალიმპიადის დასკვნით დღეს საქართველოს ღირსებას პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე დაიცავს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს – 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს – 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 000 ლარს გადასცემს.