საზოგადოება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიკაციას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს – „უსინათლო, მხედველობა დაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებას“.
კომიტეტის წევრებს დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ გააცნო.
„ხელშეკრულება არის ძალიან კარგი მექანიზმი და წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია სათანადოდ აღსრულდეს. ძირითადად საუბარია ამ კონვენციის 30-ე მუხლზე, რომელიც აღიარებს შშმ პირთა თანაბარ მისაწვდომობას კულტურის მასალებზე და მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ ყველა ღონისძიება გაატარონ იმისათვის, რომ მხედველობადაქვეითებულ და უსინათლო პირებს კულტურის მასალებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს. საუბარია ძირითადად ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებზე. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი შიდასახელმწიფოებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობა არ უქმნიდეს აღნიშნულ პირებს ასეთ მასალების წვდომაზე ბარიერს“, – განაცხადა ირინე წაქაძემ.
მისი ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში მხედველობა შეზღუდული პირების რაოდენობა 10 ათასამდეა, აქედან დაახლოებით 2 ათასამდე არის არასრულწლოვანი.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი დოკუმენტის არსი ის არის, რომ ხელშეკრულებში მონაწილე სახელმწიფოები ვალდებული იქნებიან გამოყონ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც ვალდებული იქნებიან მხატვრული და ლიტერატურული ნაწარმოებები დაამზადონ მხედველობა შეზღუდული პირებისთვის მისაწვდომ ფორმატში და უზრუნველყონ ამ პირებისთვის აღნიშნულ ნაწარმოებთა ხელმისაწვდომობა არაკომერციულ საფუძველზე.
„ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის, ათიათასობით უსინათლოსთვის. მათზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათი მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
მარაკეშის ხელშეკრულება „უსინათლო, მხედველობა დაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2013 წელს არის მიღებული.
აღნიშნული ხელშეკრულება დღემდე 90-ზე მეტ სახელმწიფოს აქვს რატიფიცირებული.