საზოგადოება

ჯანდაცვის კომიტეტმა ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეკომენდაციები დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პროექტის – „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები განიხილა და დაამტკიცა.
საკითხი სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა.
ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ისახავს მიზნად, ქვეყნის მასშტაბით შეხვედრების ციკლი გამართა.
შეხვედრებზე საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს.
როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, შეხვედრების შედეგად, დაფინანსების ახალი მოდელის დადებით მხარეებთან ერთად, ცალკეული პრობლემური საკითხებიც გამოიკვეთა, რომელთა საფუძველზე კომიტეტმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა. შეთანხმდნენ, რომ სისტემაში ქმედითი მექანიზმების დანერგვისათვის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის ერთობლივი კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, აღნიშნული შეხვედრები, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.
ზაზა ლომინაძემ ორგანიზაციებს, პროექტის მხარდაჭერისთვის, კომიტეტის და პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა. კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.