საზოგადოება

ზაზა ავალიანი: „აქ ყველას თავგანწირვის ფასად გვიწევს მუშაობა“

რთულია დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ზაზა ავალიანის „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“-ში დირექტორად მოსვლისთანავე სტაციონარში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. არადა, ხსენებული სფეროს მართვა დღესაც და გუშინაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რა იყო გუშინ და რა არის დღეს?!
ამასთან დაკავშირებით, „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრია“ დირექტორს, პროფ. ზაზა ავალიანს გავესაუბრეთ.

– ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, სკანდალებთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, მისი პროგრამული ნაწილის ხელში ჩაგდება რამოდენიმე სახელისუფლებო კლანს სურდა. თქვენ რა სურათი დაგხვდათ?
– მე რომ მოვედი, ცენტრს დიდი დავალიანება ჰქონდა. მარტო 350 ათასი ლარი მართებდა სხვადასხვა ორგანიზაციების, დაწყებული მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებით დამთავრებული სხვადასხვა წვრილი სერვის-მომწოდებლებით. ამ უკანასკნელში იგულისხმება სამედიცინო საგნები, ინსტრუმენტები, სამეურნეო-კომუნალური გადასახადები, კვება და ა.შ. საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა, როგორც უკვე მოგახსენეთ შეადგიმნა 350 ათას ლარამდე. ეს გახლავთ სახელმწიფო სტაციონარი, სადაც პაციენტები მკურნალობის თანხას არ იხდიან. ჩვენი შემოსავალი შედგება ორი ძირითადი წყაროსგან. პირველი გახლავთ პროგრამული თანხა, რასაც სახელმწიფი რიცხავს ჩვენს ანგარიშზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სახით. მეორე კი, წარმოადგენს ზესტანდარტულ მომსახურებას, რომელსაც ნაწილობრივ იხდის პაციენტიც. მკურნალობის იმ სტანდარტებზეა საუბარი, რომელიც პროგრამულად არ ფინანსდება.

– მაგალითად?
– არის ისეთი კვლევები, რომელიც არ წარმოადგენს ტუბერკულოზის საწინაღმდეგო კვლევების სტანდარტს . მაგალითად, თავის ტვინის ტომოგრაფია, გასტროფიბროსკოპია ან კოლონოსკოპია, რომელიც ვალდებულებითი ნაწილი ტუბერკულოზის კვლევებისა არ გახლავთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – თუ კვლევების შედეგად ტუბერკულოზი არ დაუდგინდა პაციენტს, იგი გამოკვლევის თანხას ფარავს. ცენტრს გააჩნია ასევე ურგენტული ანუ გადაუდებელი მომსახურება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური ოპერაციების ჩათვლით. ეს ის თემებია, რომელიც სხვა დროს არ იყო ცენტრში აქტუალიზირებული და ჩვენ დავძარით. ზოგადად, სახელმწიფოს თანადგომის გარეშე არაფრით ეს საქმე არ გამოვა. დაწესებულების შენახვა სხვანაირად გართულდებოდა. კომპლქესში შედის უზარმაზარი შენობა-ნაგებობები, რომელთა შენახვა მძიმე პროცესია. მანამდე, ზამთრის პერიოდში ასეულობით ათასი ლარი იხარჯებოდა გათბობის სისტემის უზრუნველსაყოფად, ცხელი წყლის სტატუსის შენარჩუნებისთვის და სხვა იმ აუცილებელი პირობების შენარჩუნებისთვის, რის გარეშეც ტუბერკულოზის მკურნალობა წარმოუდგენელია. არადა, ეს ხომ თავად ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პრობლემა. ეს ის დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში ყოველ 10 წამში ერთი ადამიანი კვდება. მე ახლა ფიქსირებულ-რეგისტრირებულ ფაქტს გეუბნებით და ამის გარდა რამდენია დაურეგისტრირებელი შემთხვევა. თუმცა, ეს ცალკე თემაა.

– რამდენად არის შესაძლებელი გადამდები დაავადების რისკების მინიმალიზაცია, როდესაც დაავადებულთან სისტემატური შეხება გაქვთ პატრონსაც და პერსონალსაც?
– რთულია, მაგრამ შესაძლებელი. კერძოდ, ჩვენს შენობებში გამართულად მუშაობსს აერაცია-ვენტილაციის სისტემა, ეპიდემიოლოგიურად საშიში არეალების და გადაადგილების ზონები (მაგ. ლიფტები, კიბის უჯრედები და ა.შ. გამიჯნული გვაქვს, ასევე უსაფრთხოების საშუალებების გამოყენების მონიტორინგი მუდმივად ტარდება.