პოლიტიკა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტს მიიღებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც მხოლოდ დასაწყისია იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის ისტორიული როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ქუთაისის, იმერეთის მხარის განსაკუთრებულ აკადემიურ ტრადიციებს და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა.

„უნივერსიტეტმა უკვე შექმნა მაღალი რეპუტაცია. მის შესახებ ძალიან მაღალ ტონალობაში შეიძლება უკვე საუბარი იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რომლებიც ამ 4 წლის განმავლობაში დაგროვდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისს და იმერეთის მხარეს აქვს განსაკუთრებული აკადემიური ტრადიციები, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. ძალიან დიდი ფესვები, დიდი ისტორია აქვს აკადემიურ ტრადიციებს ამ ქალაქში და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება არის ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება.

4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი თანდათანობით ვითარდებოდა, ფართოვდებოდა და დღეს ჩვენ ვხედავთ უნიკალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ არის შექმნილი. რა თქმა უნდა, უნიკალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სასწავლო პროგრამები, რომლებიც თანდათანობით ვითარდება და ფართოვდება. წელს სრულდება დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა – 27 000 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის რესურსების გაფართოებას,” – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ადრონული თერაპიის ცენტრზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება.

„ცალკე აღნიშვნის ღირსია ადრონული ცენტრი, რომელიც უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით და რომლის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. ეს არის ძალიან რეზონანსული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს დასრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ის კვლევითი პროგრამები, რომლებიც განხორციელდება ადრონული ცენტრის მიერ,” – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნისთვის და ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის განსაკუთრებულ წვლილს უნივერსიტეტისთვის უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაში.

„აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურაა, არის უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, და რომელიც პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩია, არის არაჩვეულებრივი, უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა. მე 3 წელი ვსწავლობდი ევროპაში და იქაც კი არ იყო ისეთი ინფრასტრუქტურა, იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში, სადაც მივიღე განათლება, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი, – თავისი სასწავლო კორპუსებით, საერთო საცხოვრებლებით, და ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერებაა თითოეული სტუდენტისთვის ასეთ გარემოში განათლების მიღება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მასშტაბური გაფართოების გეგმებზეც ისაუბრა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს.

„მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არის ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება, – კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე და აქ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს 2 განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნება ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის, 30 000-მდე სტუდენტის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც მან პირადად დაადასტურა და ამისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო,” – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ქალაქ ქუთაისის, შემდეგ კი, მთლიანად იმერეთის რეგიონისა და დასავლეთ საქართველოს განვითარებას, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალ სიცოცხლეს შეიძენს როგორც ქალაქი ქუთაისი, ასევე მთლიანად ეს რეგიონი და კიდევ უფრო მეტად განვითარდება ზოგადად დასავლეთ საქართველო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის დამფუძნებელს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც წვლილი აქვს შეტანილი ამ უნივერსიტეტის განვითარებაში, მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მენეჯმენტს და მივულოცო თითოეულ კურსდამთავრებულს. ეს არის თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე. დარწმუნებული ვარ, ეს არის თქვენი კარიერული წინსვლის ძალიან კარგი დასაწყისი და ყველას მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ სამომავლო ასპარეზზე კარიერასა და პირად ცხოვრებაში,” – განაცხადა პრემიერმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე, რომელსაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა, გერმანული ტრანსნაციონალური საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია „ბოშის‘‘ მომავლის კვლევისა და ტექნოლოგიების სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტმა, დოქტორმა ანდრეი ჰეინკემ, ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა კურტ დეკეტელარემ, ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა.

ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ტერიტორიაზე აშენებული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური კორპუსი დაათვალიერეს. ექვსსართულიან, 27.000 კვ.მ. ფართობის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სალექციო სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები, სამკითხველო დარბაზები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგაპროექტია, რომლის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ” უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.