საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აქტიურად ემზადებიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აქტიური
სამზადისი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე
განაცხადა, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ბაგა-ბაღებში პატარებს
კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ.
„მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიას განსაკუთრებული მიდგომა აქვს საბავშვო
ბაღებთან, მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. უწყვეტ რეჟიმში
მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს
სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის
საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხრათ. გასულ წელს დავიწყეთ „ბაგა-
ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში
კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით
უზრუნველყოფა. ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო
ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად,
გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება
განახლების სამუშაოები, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში კი ამ ბაღების
აღსაზრდელებს განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები
დახვდებათ.
გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, სამ საბავშვო ბაღში ეზოს
ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, 11 საბავშვო ბაღის
შენობას კი სახურავის რეაბილიტაცია უტარდება.
„ასევე, თბილისის 115 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო
მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების,
ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების განახლებას. ამ
პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს
ბიუჯეტიდან რვა მილიონზე მეტი ლარი იხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, სიახლეებია მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხითაც
– პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები
დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა.
„აქვე შევახსენებ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ახალი სააღმზრდელო წელი
თბილისის ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე კვირის წინ ვახსენე და
ახლაც გავიმეორებ, რომ წელს სამი ახალი და ორი რეაბილიტირებული საბავშვო
ბაღი გაიხსნება. ამ პროექტების მიზანია, როგორც ახალი ადგილების შექმნა, ისე
არსებულ ბაღებში ჯგუფების განტვირთვა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“,
– განმარტა კახა კალაძემ.