სპორტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (67 კგ). მერვედფინალში ის ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდა და მეტოქესთან ორთაბრძოლა ანგარიშით 1:12 დათმო. ყირგიზი სპორტსმენი კი უკრაინელ მოჭიდავესთან დამარცხდა. წესების თანახმად, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში ასპარეზობასა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მას შემდეგ გააგრძელებდა, თუ ამანტურ ისმაილოვი ფინალში გასვლას შეძლებდა.
ოლიმპიადაზე რამაზ ზოიძის დებიუტი ტოკიოში შედგა, სადაც მოჭიდავეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. 28 წლის სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.