პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – სწორი გამოსავალია, სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან, კლინიკაში გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობა და რეპუტაცია არ აქვს

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ და იქ თუ უნდა კონსილიუმი შეიკრიბოს და თუ უნდათ სხვა რამ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობა და რეპუტაცია არა აქვს.

„ხომ შეიძლება, ამდენი აქციებით, მიტინგებით, ხმაურით და თუნდაც გაჯინებით დაიღალო? ხომ უშვებ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ამით დაიღალოს. ამ დროს სწორი გამოსავალია, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან. კლინიკაში გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იგივე ხმაური კლინიკასთან დაიწყება. წარმოიდგინეთ, ხართ ბიძინა ივანიშვილი და დაიჯერებდით ყველაფერს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იტყოდა? „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობა და რეპუტაცია არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის ამ ქვეყანაში არათავისუფალ მდგომარეობაში ყოფნა იმ პროცესებს გამოიწვევს, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.